ინფორმაციის მართვის ტექნოლოგიური მხარდაჭერა

ინფორმაციის მართვისთვის საჭირო აპლიკაციები

Meme credit Randall Degges

2016 წელს ილონ მასკის მიერ თანადაარსებული Neuralink-ის მიღწევები სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმის სიუჟეტის ეპიზოდს ჰგავს. თუმცა, ამ შედარების მიღმა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანები უკვე მრავალი წელია, რაც მეხსიერების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად ინფორმაციულ ტექნოლოგიებს იყენებენ. ყოველდღიურ ცხოვრებაში „ჭკვიან“ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება უფრო და უფრო იზრდება, რაც ერთიორად გამძაფრდა კორონავირუსის პანდემიის ფონზე სახლის სივრცეში აღმოჩენილი ადამიანებისათვის.

ერთ დროს ოჯახის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი - ტელეფონის ნომრების “ბლოკნოტი”, რომელიც ზოგიერთს დღემდე სახლში აქვს (ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენლების დამსახურებით) ფუნქციას შესამჩნევად კარგავს. მანამ სანამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ნომრების ბაზას სამართავად ტექნოლოგიას გადავაბარებდი, კერძოდ ჯერ მობილური ტელეფონის მეხსიერებას, ხოლო შემდეგ Google Contacts-ს, მათი ნაწილი ზეპირადაც კი ვიცოდი. ტელეფონის ნომრების სამართავად აპლიკაციის გამოყენებას მრავალი დამატებითი უპირატესობა აქვს, მათ შორის ტელეფონის ცვლილების შედეგად ნომრების დაკარგვის პრევენცია, ტელეფონის ნომრების შემოტანა ექსელის ცხრილიდან კონტაქტების ჩამონათვალში.

ალბათ შეგიმჩნევიათ, თუ რამდენი წვრილმანი, თუმცა საყურადღებო დეტალის დამახსოვრება გვიწევს დღის განმავლობაში, მათ შორის წამლის დასახელება, წიგნი, რომელიც მეგობარმა გვირჩია, შეხვედრის ადგილი და დრო და ა.შ. ხშირად, ადამიანის ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარი ვერ უმკლავდება მოზღვავებულ ინფორმაციულ ნაკადებს. წინა თაობის წარმომადგენლები მეხსიერების “მარცხს” მათ ასაკს უკავშირებენ.

ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ამ მოვლენის მიზეზად ჭარბი ინფორმაციის რაოდენობას მიიჩნევენ. აღნიშნული გამოწვევის გადაჭრის პირველი ნაბიჯი ფერად-ფერად ფურცლებზე ჩანაწერების გაკეთებაა, თუმცა რაოდენობის ზრდასთან ერთად მათი მართვა რთულდება და ინფორმაციის ჩანიშვნის ალტერნატიული საშუალების საჭიროება დგება. Google Keep-ს მრავალი ფუნქცია აქვს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს ინფორმაციის ჩანიშვნა, დამახსოვრება და მართვა:

  • ჩანაწერის გაკეთების ალტერნატიული საშუალებები, ფოტო, ტექსტი, ვიდეო, აუდიო;
  • შეხსენების ფუნქცია დროისა და ადგილმდებარეობის მიხედვით;
  • მოქნილი საძიებო სისტემა.

შედარებით სისტემატიზებული ინფორმაციის წყაროების, როგორებიცაა სტატიების, ბლოგების მართვისთვის Pocket ეფექტურ საშუალებებს გვთავაზობს. სტატიების შენახვა, ორგანიზება თემების მიხედვით, ძიების ეფექტური მექანიზმი. აღნიშნულ ფუნქციებთან ერთად Pocket შენახული სტატიების წაკითხვის აუდიო ალტერნატივას გთავაზობს, რომელიც მგზავრობისას თუ სხვა პერიოდში პოტენციურად დაკარგული დროის შევსების საუკეთესო საშუალებაა.

მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური სტატიის მომზადებისათვის შედარებით მეტი დროა საჭირო, მათი ინფორმაციის წილიც ელ. სივრცეში წლიდან წლამდე იზრდება. კონკრეტულ დარგში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ფეხის აწყობაც მხოლოდ შიშველი ხელებით შეუძლებელია.

Number of articles published per year

ბიბლიოგრაფიის მართვის სისტემის ერთ-ერთი პროგრამა Mendeley დოკუმენტებზე მუშაობის შესაძლებლობასაც იძლევა ლიტერატურის წყაროების შეგროვებისა და ციტირების ფუნქციებთან ერთად. პუბლიკაციის გაცნობისას ჩანიშნული კომენტარების, შეჯამებებისა და ჩანიშვნების დამახსოვრებისა და მართვის პასუხისმგებლობას Mendeley აიღებს.

უამრავ ინფორმაციასთან ერთად, რამდენიმე სამსახურის თუ პროექტში ჩართულობის ფონზე შეხვედრებისა და შესასრულებელი ვალდებულებების რაოდენობა იზრდება. აღნიშნულის ფონზე რთულია საღამოს მთლიანად მოწყდე საქმიანობას და დაისვენო “ყველაფრისგან”. ინფორმაციული ტექნოლოგიების რიგებში შეიძლება აღმოაჩინო მეგობრები, რომლებსაც ნელ-ნელა გადააბარებ დაგეგმვაში დახმარების, დამახსოვრებისა და შეხსენების ფუნქციებს. უამრავი საქმისგან გათავისუფლებული, დასუსტებული ტვინი კი ნელ-ნელა გამოცოცხლდება.

საქმეების დაგეგმვას, დამახსოვრებასა და შეხსენებას Asana გადაიბარებს.

შეხვედრების ორგანიზება და შეხსენება მთლიანად Outlook-ის პრეროგატივაა.

აპლიკაციების ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს იმის მიხედვით, თუ რისი გადაბარება გინდა ელექტრონული მეგობრებისთვის, რომლებიც მზად არიან ცხოვრება შეგიმსუბუქონ.

რეკომენდებულია სტატია შეინახო Pocket-ის გამოყენებით.