21-ე საუკუნის ეპოქამ საქალაქო დასახლებები ახალი, განსხვავებული გამოწვევების წინაშე დააყენა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქალაქში ჯერ კიდევ გრძელდება მოძველებული ურბანული დაგეგმარების მიდგომების გამოყენება. აღნიშნული ფაქტი, ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვნად აფერხებს ურბანულ განვითარებას და განსაკუთრებულ დაბრკოლებას უქმნის, გლობალური ურბანული დაგეგმარების მიზნების ლოკალიზაციას. მიუხედავად შემუშავებული ისეთი საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტების, როგორებიცაა მდგრადი განვითარების მიზნები (მიზანი 11- მდგრადი ქალაქები და საზოგადოება), ახალი ურბანული დღის წესრიგი (ჰაბიტატ III), საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება და ა.შ. რომელთა მთავარ ამოცანას მსოფლიო საზოგადოებისათვის ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისაკენ მიმავალი გზის გაკვლევა წარმოადგენს, მთავარ დაბრკოლებად ჯერ კიდევ რჩება გლობალური და ეროვნული პრინციპების ადგილობრივ დონეზე განხორციელება.